пятница, 26 июня 2015 г.

გუპი

                                                                        გუპი



გუპი - (ლათ: Poecilia reticulata) - მტკნარი წყლის ცოცხლადმშობი თევზი.

 გუპებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი (განსხვავება ერთი და იმავე სახეობის მდედრობითი და მამრობითი ორგანიზმების აგებულებაში) მამრი და მდედრი გუპები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან ზომით, ფორმით, აღნაგობითა და შეფერილობით.

 მამრი გუპის ზომა 1,5 - 4 სმ-მდე მერყეობს, გამოირჩევა მკვეთრი შეფერილობითა და მასიური, კარგად გავითარებული ფერადი კუდის ფარფლით. მამრებს აქვთ სპეციალური ორგანო გონოპადი, ანალური საცურაო ბუშტის სახესხვაობა, რითაც ისინი ახერხებენ მდედრის განაყოფიერებას.

 მდედრი გუპის ზომა 2,8 - 7 სმ შუალედში მერყეობს და მამრთან შედარებით მისი სხეულისა და ფარფლების შეფერილობა სადაა, მცირეა აგრეთვე კუდის ფარფლის ზომაც.

 გუპები აკვარიუმის ბინადრების მოყვარულთა წრეში ერთობ პოპულარობით სარგებლობენ, ისინი აკვარიუმში ერთ გუნდად ბინადრობენ და არიან ნაკლებკონფლიქტურები სხვა სახეობის თევზებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ აკვარიუმის პირობებში ისინი დიდხანს ცოცხლობენ და უფრო დიდი ზომისანიც იზრდებიან ვიდრე ბუნებაში, აკვარეუმში ძირითადად სელექციის შედეგად გამოყვანილი ახალი ულამაზესი ჯიშის გუპები ყავთ ხოლმე დასახლებული.

ბუნებაში არსებობის არეალი

  გუპების ბუნებაში არსებობის არეალი შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ვენესუელა, გვინეა, ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილი, ბარბადოსის კუნძულები, ტრინედადი და ამაზონის ჩრდილოეთ ნაწილი.

ისტორია

 სახელწოდება გუპი, აღნიშნულმა თევზს ინგლისელი პასტორისა და სწავლულის რობერტ ჯონ ლეჩმერ გუპის საპატივსაცემოდ უწოდეს, რომელმაც 1886 წელს ინგლისის სამეფო საზოგადოებას მოხსენებით წარუდგინა საკუთარი კვლევის შედეგი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ სახეობის თევზების გარდა, რომლებიც ქვირითით მრავლდებიან, არსებობენ აგრეთვე ცოცხლადმბადი თევზების სახეობებიც, ამ ნაშრომისა და მოხსენების გამო გუპი მასხარად აიგდეს.

 აღსანიშნავია, რომ თევზთა სახეობებიდან გუპი გახლავთ პირველი თევზი, რომელიც ღია კოსმოსში წაიყვანეს მოგზაურმა კოსმონავტებმა.

აკვარიუმში ცხოვრების პირობები

 გუპებს უყვართ სუფთა, მტკნარი წყალი და მცირე დინება, ამიტომ საჭიროა მათი სამყოფელი ადგილის რეგულარულად დასუფთავება და წყლის ხშირი განახლება. რეკომენდირებულია გუპების დასახლება დავიწყოთ 50-60 ლ მოცულობის მქონე აკვარიუმში წყვილებად (5 მამრი 5 მდედრი) გასათვალისწინებელია, რომ ამ სახეობის თევზი ვერ უძლებს მარტოობას და ნაადრევად იღუპება ამის გამო, ამიტომ მათ გუნდური პრინციპით ასახლებენ ხოლმე.

ძირითადი მახასიათებლები

  გუპების იდეალურ პირობებში საარსებოდ, აკვარიუმში წყლის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +24-26 C (დაშვებულია ტემპერატურის დიაპაზონი +23-28 C), ხოლო არსებობა შეუძლიათ +14-დან +33 C დიაპაზონში.

  წყლის დაბალ ტემპერატურაზე  +24-26 C გუპები მოცულობით დიდები იზრდებიან და ცოცხლობენ 3-3,5 წელი, მაგრამ ამასთანავე შესაძლებელია ადვილად დაავადდნენ, ვინაიდან დაბალი ტემპერატურის მქონე წყალში დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისათვის, საუკეთესო სასიცოცხლო პირობებია შექმნილი, ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე, წყალში ტემერატურის აწევაა რეკომენდირებული +28 C-მდე, წყალში დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გასანეიტრალებლად აგრეთვე რეკომენდირებულია ბუნებრივი სტერილიზატორები, მაგ: სუფრის მარილი (არაიოდიზირებული) ყოველ 10 ლიტრ მოცულობაზე 1 ჩაის კოვზის ოდენობით. წყლის დაბალ ტემპერატურაზე მდედრი გუპის მაკეობის პერიოდი ხანგრძლივდება, ხოლო ლიფსიტები კი მოცულობით დიდი ზომისანი იზრდებიან. +18 C და დაბალი ტემპერატურის მქონე წყალში ნაყოფის გავითარება შესაძლებელია საერთოდ შეწყდეს და მოიშალოს მდედრის რეპროდუქციული ფუნქცია, რის შედეგადაც ხშირად მცირე ზომის, განუვითარებელი, მკვდარი ლიფსიტების ნაადრევი გამოძევება ხდება ხოლმე მდედრის მიერ.

  წყლის მაღალ ტემპერატურაზე +27-29 C გუპები ცოცხლობენ 1 წელი და ნაკლები ვადით, იზრდებიან მცირე ზომისანი, მდედრის მაკეობის პერიოდი საგრძნობლად ხანმოკლეა, ხოლო ლიფსიტები მცირე ზომისანი იბადებიან. +30-33  C ტემპერატურის მქონე წყალში კი მოსალოდნელია თვითსტერილიზაცია, ვინაიდან გამანაყოფიერებელ სპერმატოზოიდებს უქვეითდებათ, ან საერთოდ კარგავენ აქტივობის უნარს.

  იმ აკვარიუმში, სადაც გუპების ყოლას ვაპირებთ დაუშვებელია წვეტიანი და მჭრელი, მასიური ფოთლების მქონე წყალმცენარეების არსებობა, რეკომენდირებულია პატარა ზომის, გლუვი ფოთლების მქონე წყალმცენარეები, ვინაიდან მასიური ფოთლების მქონე წვეტიან და მჭრელ კიდეებზე, თევზმა შესაძლოა დაიზიანოს საცურაო ბუშტი და კუდის ფარფლი, რაც მისთვის ფატალური შედეგით დასრულდება, ამავე მიზეზით არ არის რეკომენდირებული აკვარიუმში მჭრელი და წვეტიანი კიდეების მქონე საგნების ჩაწყობა. (ქვები, სხვადასხვა დეკორაციები)

  გუპებისათვის იდეალური საარსებო პირობების შესაქმნელად, წყლის ტემპერატურის რეგულაციასთან ერთად, საჭიროა გავითვალისწინოთ წყლის სიხისტე და მჟავიანობაც.

  სიხისტე dh 10-20-მდე ინტერვალის, ხოლო მჟავიანობა ph7. გუპები საუკეთესოდ ადაბტირებენ ხისტ წყალში და ადვილად ეგუებიან წყლის მლაშე, მარილოვან შემცველობას (ზღვის მლაშე წყალში რეგულარულად შეგვიძლია ვიყოლიოთ, განსაკუთრებული სახეობის ზრდასრული გუპები).

 გუპების კვების საკითხიც ყურადსაღებია, ვინაიდან მათ ესაჭიროვებათ, როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული და ფაბრიკატული წარმოების საკვები პროდუქტები. ცხოველური წარმოშვების - (მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმები, ჭიები, მწერის ჭუპრები მცენარეული წარმოშვების - ( წყალმცენარეების ფოთლები და ფესვები) ფაბრიკატული წარმოების (კომბინირებული და არაკომბინირებული მშრალი საკვები), ზემოთაღნიშნული საკვებით გუპების კვებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია დღე-ღამის განმავლობაში მონაცვლეობა, ცხოველური და ფაბრიკატული წარმოების საკვებისა, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მაგ: ერთი კვირის განმავლობაში ცხოველური წარმოშვების საკვებით ვკვებავთ, ხოლო მომდევნო კვირას ფაბრიკატული მშრალი საკვებით.

 დღიური საკვები ულუფების ოდენობა დამოკიდებულია გუპის ზომა-მოცულობასა და ასაკზე, მაგალითად ზრდასრული გუპისათვის, რომელიც სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 თვის ასაკში და არის 3-7 სმ სიგრძის მქონე დღიურ ნორმად ითვლება 10-20 ცალი ცხოველური ან მცენარეული, ფაბრიკატული წარმოშვების ფირფიტა, ან ბურთულა, იგივე რაოდენობის ცოცხალი ორგანიზმები, რაღათქმაუნდა ეს ოდენობა უნდა გაიყოს ორ, ან სამ ნაწილად და დღის განმავლობაში ეტაპობრივად მიეწოდოს თევზს 3,5 საათიანი ინტერვალებით.

 ზრდასრული გუპების კვების სეციფიკიდან გამომდინარე აღსანიშნავია, რომ მის ორგანიზმზე დადებით ზეგავლენას ახდენს ერთი თვის განმავლობაში 2 ან 3 წინასწარშერჩეული დღე გამოვყოთ მათთვის შიმშილობის დღედ, კვირის ინტერვალებით, ანუ თვეში ორჯერ ან სამჯერ დღის განმავლობაში არ მივცეთ არანაირი საკვები.

  როგორც ზემოთ აღვნიშნე რეკომენდირებულია გუპის კვება, მცირე ულუფებითა და ხშირად, დღის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ, ნაწილებად დაყოფილი ულუფების მეშვეობით. ამასთანავე საჭიროა საკვების მიწოდებიდან 45-60 წუთის გასვლის შემდგომ მოვაცილოთ საკვების ნარჩენები.

  გუპების კვებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი სეციფიკური თავისებურებანიც: პირველი ულუფის მიცემა უნდა დავიწყოთ აკვარიუმის განათების ჩართვიდან მინიმუმ 30 წუთის გასვლის შემდგომ, ხოლო უკანასკნელი ულუფა უნდა მივცეთ აკვარიუმის განათების გამორთვამდე არაუგვიანეს 60 წუთით ადრე.

გუპების აკვარიუმი

  გუპების ორგანიზმის გასავითარებლად საუკეთესოა მართკუთხედის ფორმის მქონე აკვარიუმი შემდეგი პროპორციებით 70-50-50 სმ სადაც რეგულარულად იცვლება წყალი, იწმინდება საარსებო გარემო და შექმნილია მცირე დინება, ხშირად დინების იმიტაციას ფილტრიდან გამოფრქვეული წყლის ჭავლი ქმნის ხოლმე და ეს სრულიად საკმარისია აკვარიუმის პირობებში, გუპებისათვის მეტად მნიშვნელოვანია საცურაო სივრცის, ფართო არეალის ქონა, ამიტომაც აკვარიუმის ცენტრალური ნაწილი არ უნდა გადავტვირთოთ მასიური წყალმცენარეებითა და დეკორაციებით. გუპებით დასახლებულ აკვარიუმში რეკომენდირებულია ისეთი სახეობის წყალმცენარეების არსებობა, რომლებიც წყლის ზედაირზე ტივტივებენ და გადაადგილდებიან დინების ნაკადის ძალით. მიუხედავად იმისა, რომ გუპები სხვადასხვა გარემოს მიმართ ადაპტაციის კარგ უნარს ავლენენ, მაქსიმალური გავითარების პიკს ისინი, მხოლოდ ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით მათთვის ინდივიდუალურად სპეციალურად შექმნილ გარემოში აღწევენ. მათ შეუძლიათ ცხოვრება ნაკლებად ხისტ წყალშიც +15 C ტემერატურაზე, მაგრამ ეს არსებობისათვის ბრძოლა უფროა ვიდრე ცხოვრება და გავითარება. ამიტომ ამ გარემოებებს ყურადღება უნდა დაეთმოს.

  ჩვეულებისამებრ გუპებისათვის გამოიყენებენ ხოლმე 20-50 ლიტრის მოცულობის მქონე აკვარიუმებს 5-7 სმ სიმაღლის მქონე ბორტით (მანძილი აკვარიუმის წყლის ზედაპირისა და აკვარიუმის მაღალი გვერდის კიდემდე), იმ შემთხვევაში, თუ აკვარიუმს ახურავს სახურავი (რაც საჭიროა აკვარიუმიდან თევზის ამოხტომის თავიდან ასაცილებლად, ტემპერატურის შესანარჩუნებლად და წყლის ზედაპირის დამტვერვით დაბინძურებისაგან დასაცავად) მაშინ აუცილებელია აკვარიუმის აერაცია, ჟანგბადის კომპრესორის გამოყენებით. ხშირად ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ ხოლმე და გუპების საბინადროდ არჩევენ 10ლ და ნაკლები მოცულობის მქონე აკვარიუმებს, რაც თევზის გავითარებას აფერხებს და საგრძნობლად ამცირებს მისი სიცოცხლის ვადას, აკვარიუმის განათების გარეშე გუპები, ისევე როგორც აკვარიუმის ბინადართა უმრავლესობა შეფერხებით იზრდებიან და მათი შეფერილობაც არ არის მკვეთრად გამოხატული ფერებით. რეკომენდირებულია აკვარიუმის დადგმა ისეთ ადგილზე სადაც გამთენიისას ან მოსაღამოვებისას მას მცირე ხნით ხვდება მზის პირდაპირი სხივები 15-20 წუთის განმავლობაში, ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ აკვარიუმში არსებული წყალმცენარეები კარგად იზრდებიან, აგრეთვე ეს პროცედურა დადებითად მოქმედებს, გუპების შეფერილობაზეც, მაგრამ აუცილებელია ზემოთაღნიშნულ ვადას არ გადავაჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზის პირდაპირი სხივები უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს აკვარიუმის ბინადრებზე.

 აკვარიუმს სადაც გუპები ბინადრობენ ხშირად აფორმებენ ხოლმე გრუნტით, სხვადასხვა წყალმცენარეებითა და დეკორაციებით, ამ შემთხვევაში საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა შეიზღუდოს გუპებისათვის თავისუფლად გადაადგილების არეალი, დაუშვებელია აკვარიუმში დეკორაციებით გუპებისათვის მარშრუტის შექმნა და მათი იძულება, გადაადგილდებოდნენ მარშრუტის მიხედვით.

გუპების გამრავლება

  მდედრი გუპის მაკეობის ვადა დამოკიდებულია იმ წყლის ტემერატურაზე სადაც ბინადრობს თევზი, ეს პერიოდი გრძელდება 21-40 დღის შუალედში, მაკეობის პერიოდის დასრულებისას, იმისდა მიხედვით, თუ რა სახეობის, ასაკისა და ზომისაა მდედრი გუპი იგი შობს 10-დან 200 ლიფსიტამდე. აღსანიშნავია, რომ მდედრი გუპის ერთჯერადი განაყოფიერება, საკმარისია იმისათვის, რომ მან შვას რამოდენიმე თაობა ლიფსიტებისა. მდედრი ლიფსიტებს ბადებს ულუფებად, ყოველი თვის, ან თვენახევრის ინტერვალებით, დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც განაყოფიერებიდან 12-14 თვის შემდეგაც კი გაუგრძელებია მდედრ გუპს შობადობა, ამიტომ სელექციისათვის გამოიყენებენ მხოლოდ იმ მდედრს, რომელიც არასოდეს განაყოფიერებულა მამრისაგან, ამ უკანასკნელებს კი სპეციალურად ზრდიან მას შემდეგ რაც სქესთა დამახასიათებელი ნიშნები შეეტყობა, მამრებისაგან იზოლირებულებს ცალკე.

  ახალშობილ ლიფსიტებს დაბადებიდან პირველ კვირას იმავე სათავსოში ამყოფებენ სადაც იშვნენ, ხოლო შემდგომ გადაყავთ შედარებით დიდი მოცულობის მქონე აკვარიუმში, ერთი თვის ასაკში ლიფსიტებს შორის შესამჩნევი ხდება მდედრისა და მამრისათვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური აღნაგობა, ანუ სქესობრივი განმასხვავებელი ნიშნები. მდედრ გუპებს ანალურ ნაწილთან აღენიშნებათ მუქი შეფერილობის ე.წ სამშობიარო ლაქა. 2-3 თვის ასაკში მამრი გუპების ანალური საცურაო ბუშტი ფორმას იცვლის და გარდაიქმნება გონოპადიად (საყრდენმამოძრავებელი სასქესო ორგანო დამახასიათებელია ცოცხლადმბადი მამრი თევზებისათვის). იმისდა მიხედვით, თუ რა ჯიშის გუპები ბინადრობენ აკვარიუმში, გამოცდილ აკვარიუმისტს ძალუძს მათი სქესის განსხვავება 14-30 დღის ასაკის ლიფსიტებშიც კი.

  იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ არაკონტროლირებად შობადობას, მას შემდეგ რაც ლიფსიტებში სქესობრივი სხვაობის აღმნიშვნელი ნიშნები შეიმჩნევა, საჭიროა მათი ერთმანეთისაგან განცალკევება და იზოლაცია წყვილებად. მდედრები ცალკე, მამრები ცალკე სათავსოში.

  ზამთრის პერიოდში შესაძლებელია აგრეთვე წყლის ტემპერატურის 18 გრადუსამდე დაწევაც, იმ აკვარიუმში სადაც იმყოფებიან და შობადობას განაგრძობენ განაყოფიერებული მდედრი გუპები, რაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ არა მხოლოდ არაგეგმაზომიერი შობადობა, არამედ მდედრ გუპს დასვენების საშუალებასაც მისცემს სისტემატურად რეგულარული შობადობისაგან, რაც დადებითად აისახება თევზის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე.

 სელექცია

  გუპების სელექციისათვის საჭიროა არა მხოლოდ თავად თევზის ფიზიოლოგიის შესახებ ცოდნა, არამედ საბაზისო გენეტიკური მანიულაციების ფლობაც, რათა წინასწარ გავთვალოთ მოსალოდნელი შედეგი, გუპების სელექციით, ანუ ახალი ჯიშების გამოყვანით დაკავებულნი არიან მოყვარული და პროფესიონალი აკვარიუმისტები, აგრეთვე სეციალური თევზსაშენების სპეციალისტები, მოყვარულთათვის რეკომენდირებულია სელექციისათვის საჭირო შემდეგი წესების დაცვა.

 1. სელექციაში გამოსაყენებელი მამრი სასურველია იყოს ლამაზი ფორმისა და შეფერილობის, აუცილებლად ჯანმრთელი და მინიმუმ წლინახევრის ასაკს მიღწეული, ზომით შედარებით დიდი და გამორჩეული სხვა მამრებისაგან.

 2. სელექციაში გამოსაყენებელი მდედრი აუცილებლად უნდა იყოს "ქალწული" (სამწუხაროდ ქართულ ენაში სხვა ტერმინი ვერ შევარჩიე), ანუ მას მამრთან სქესობრივი კავშირი არ უნდა ჰქონდეს დამყარებული არასდროს. ფიზიოლოგიური მონაცემებითა და ანატომიური აღნაგობით ასევე უნდა გამოირჩეოდეს სხვა მდედრებისაგან, თევზი ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს აუცილებლად ჯანმრთელი.

3. საჭიროა მინიმუმ 4 აკვარიუმი ორი 30-40 ლ ტევადობის, ხოლო ორი 100 ლ ტევადობის. 30-40ლ ტევადობის აკვარიუმები სელექციაში გამოსაყენებელი წყვილებისათვის და ლიფსიტების გასაჩერებლად 1 კვირამდე ვადით, ხოლო დანარჩენი ორი შთამომავლობისათვის, რომლებიც შემდგომში აუცილებლად უნდა განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან.

4. წინასწარშერჩეულ აკვარიუმებში უნდა იყოს გუპებისათვის შექმნილი ყველა იდეალური წინაპირობა.

5. სელექციისათვის განკუთვნილ აკვარიუმში ვსვამთ წყვილ გუპს, 1 მამრი 1 მდედრი, ხოლო მას შემდეგ რაც მდედრი განაყოფიერდება, გადაგვყავს ის მეორე 30-40ლ მოცულობის მქონე აკვარიუმში, ხოლო მამრს ვაბრუნებთ, მამრებისათვის განკუთვნილ აკვარიუმში, შემდგომ ამისა, შეგვიძლია ცარიელ აკვარიუმში ჩავსხათ კიდევ ერთი წყვილი გუპი და მდედრის განაყოფიერების შემდგომ მოვიქცეთ ანალოგიურად, ანუ მდედრი გადავსვათ მეორე აკვარიუმში იქ სადაც უკვე არის განაყოფიერებული მდედრი და მამრი კი დავაბრუნოთ მამრთათვის განკუთვნილ აკვარიუმში. ეს პროცედურა შეგვიძლია გავიმეოროთ მანამდე სანამ არ მივიღევბთ 4 ცალ სხვადასხვა მამრისაგან განაყოფიერებულ მდედრ გუპს, რომლებიც აუცილებლად ერთად უნდა ბინადრობდნენ.

6. მას შემდეგ რაც მდედრის მაკეობის ხანა დასასრულს მიუახლოვდება 2-3 დღით ადრე ვაცალკევებთ მას სხვა მდედრებისაგან და ვსვამთ პირველ 30-40 ლ ტივადობის აკვარიუმში სპეციალურ სამშობიარო ქილაში, რომელიც მონტაჟდება აკვარიუმში, ხოლო ლიფსიტების დაბადების შემდგომ კი ვაბრუნებთ სელექციისათვის განკუთვნილ აკვარიუმში მდედრებთან, ანალოგიურად ვიქცევით, როდესაც სხვა მდედრებსაც დაუდგებათ მშობიარობის ხანა.

7. გაჩენილ ლიფსიტებს 1 კვირის განმავლობაში ვტოვებთ იმ გარემოში სადაც იშვნენ ხოლო შემდგომ ამისა გადაგვყავს 100 ლ მოცულობის აკვარიუმში, ხოლო მას შემდგომ რაც სქესი დაეტყობათ, მდედრებს ვტოვებთ ადგილზე, ამავე აკვარიუმში, ხოლო მამრები გადაგვყავს მეორე 100 ლ მოცულობის მქონე აკვარიუმში.

8 როდესაც ლიფსიტები მიაღწევენ სქესობრივი სიმწიფის ხანას ისინი აუცილებლად ამოგვყავს ლიფსიტებისათვის განკუთვნილი აკვარიუმიდან, რათა არ მოხდეს ზრდასრული თევზების მიერ ახალშობილების შეჭმა.

10. იგივე პრინციით გამოგვყავს გუპების ახალი სახეობები შეჯვარების გზით მათი შთამომავლებისაგან.

პროლოგი

აღსანიშნავია, რომ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში, ყოველწლიურად ეწყობა გუპების მოყვარულთა შორის, სელექციის შედეგად გამოყვანილი ახალი ულამაზესი სახეობების გამოფენა-გაყიდვა, ზოგგან აუქციონის წესითაც კი, მსგავს გამოფენებზე და ღონისძიებებზე აკვარიუმისტები წარადგენენ რა საკუთარ "შემოქმედებას", იმართება ხოლმე კონკურსიც დამთვალიერებელთა მიერ ხმის მიცემის პრინციპით და ხდება გამარჯვებული აკვარიუმისტის დაჯილდოვება, ვიმედოვნებ ეს ტრადიცია საქართველოშიც დაინერგება.





  

Комментариев нет:

Отправить комментарий