понедельник, 13 июля 2015 г.

ბარბუს არულიუსი



  ბარბუს არულიუსი (Barbus arulius, Capoeta arulius, Puntius arulius) - ქვირითით მშობი აკვარიუმის თევზი კარპების (კობრისებრთა) ოჯახიდან.

  არეალი

  ბუნებაში ბარბუს არულიუსის საბინადრო სივრცეს წარმოადგენს ინდოეთის სამხრეთითა და სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მტკნარი ტბები და მდინარეები. ევროპაში თევზის ეს სახეობა პირველად გამოჩნდა 1954 წელს, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებში კი, 1960 წლიდან.

  გარეგნული ვიზუალი და სქესობრივი სხვაობა

  ბარბუს არულიუსის სხეულის მოყვანილობა წაგრძელებული რომბის ფორმისაა, თევზის ზურგი პროფილში გამოიყურება შეთხელებულად ვიდრე მისი გვერდები, გვერდები კი სრული და მკვრივია.  აქვს ზედა ყბის მიერ ქვედა ყბის გადმომფარავი ფორმის პირი, ერთი წყვილი წვრილი ულვაშით, მოყვითალო ცისფერში გარდამავალი შეფერილობის თვალები და ორად გაყოფილი მასიური კუდის ფარფლი. აგრეთვე მასიური კუდისწინა ფარფლი საცურაო ანალურ ბუშტთან და ზურგის კარგად გავითარებული, ზოგჯერ დანაწევრებული ფარფლი. ბარბუს არულიუსს სხეულის ზედა ნაწილის ვიზუალი მოყვითალო მონაცრისფროა და დაჰკრავს ვერცხლისფრად ელვარების ეფექტი, მაგრამ ზურგზე გასდევს მოლურჯო, მოცისფრო ჩანართი, მის სხეულს რამოდენიმე ადგილზე ვერტიკალურად გასდევს ცისფერი ან რუხი შეფერილობის ლაქები, აქვე იკვეთება აგრეთვე ვერტიკალური სამი ცალი, შავი ან მუქი ლურჯი შეფერილობის ზოლი, კუდისა და ანალურ საცურაო ფარფლებზე აღენიშნებათ წითელი ან ნარინჯისფერი კონტურები, ხოლო ზურგისა და მკერდის ფარფლები ძირითადად შავი შეფერილობისაა.მდედრი მამრზე დიდი ზომისაა და მამრისაგან განსხვავდება ზურგის ფორმის მოყვანილობითა და ზურგის ფარფლით, (რომელიც არის იალქნის ფორმის და შედგება ოთხი სხივისებრი წახნაგისაგან) აგრეთვე იმით, რომ მდედრის სხეულის შუა ნაწილი სქესობრივი სიმწიფის ასაკში, ინკუბაციის პერიოდში იცვლის შეფერილობას და ხდება მკვეთრი იასამნისფერი ან ლურჯი ფერის, ხოლო კუდის ფარფლი და ანალური ფარფლი ხდება მკვეთრი წითელი შეფერილობის. ბუნებრივ პირობებში ეს თევზები აღწევენ 14 სმ სიგრძეს, მაგრამ აკვარიუმის პირობებში შედარებით მცირე 10-12 სმ ზომისანი იზრდებიან.

  ბარბუს არულიუსის აკვარიუმის პირობებში სიცოცხლის ხანგრძლივობაა 3-4 წელი.




  აკვარიუმში ბინადრობის პირობები

  ბარბუს არულიუსი აქტიური, მშვიდობისმყოფელი და წყლის ზედაპირიდან ჰაერის სივრცეში ამომხტომი თევზია, აკვარიუმში თევზის ეს სახეობა აუცილებლად უნდა განთავსდეს გუნდური პრინციპით 6-7 თევზის ოდენობით, ისინი ადვილად ეგუებიან აკვარიუმის სხვა მშვიდობისმყოფელი კატეგორიის თევზებს, მაგრამ არიან კონფლიქტურები ისეთი თევზების მიმართ, რომლებიც ზანტად მოძრაობენ ან აქვთ მასიური და გრძელი კუდის ფარფლი. ჩვეულებისამებრ ბარბუს არულიუსები საცურაო არეალად ირჩევენ წყლის შუა ნაწილსა და ფსკერს, ბარბუს არულიუსი საუკეთესოდ გრძნობს თავს 150 სმ სიგრძის მქონე მართკუთხედის ფორმის თავსახურით დახშულ აკვარიუმში, რომელსაც ამ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი განათება, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში აკვარიუმში უნდა იყოს მასიური ფოთლების მქონე წყალმცენარეები, რომლის ჩრდილსაც ისინი თავს შეაფარებენ. რეკომენდირებულია წყალმცენარეებისა და სხვადასხვა დეკორაციების განლაგება, აკვარიუმის უკანა კედელთან ფონის გასწვრივ, ხოლო აკვარიუმის ცენტრალური ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალ საცურაო სივრცედ გამოყენებადი, ხოლო აკვარიუმის გრუნტი კი აუცილებლად მუქი შეფერილობისა.

  წყლის ოპტიმალური მახასიათებლები ბარბუს არულიუსებით დასახლებულ აკვარიუმში შემდეგია: სიხისტე 4-20, მჟავიანობა Hp 6.5-7.5 ხოლო წყლის იდეალური ტემპერატურაა 22-25 C გრადუსი. აუცილებელია წყლის სისტემატური და ძლიერი ფილტრაცია (სასურველია ბიოლოგიური ფილტრი), აგრეთვე წყლის მასის ჭარბად მომააგება ჟანგბადის ჭავლითა და მისი 30%-ის რეგულარულად ცვლა, ყოველ კვირაში ერთხელ.

  კვება

  ბარბუს არულიუსი იკვებება ცოცხალი (მოტილი, ზოგჯერ ტრუბოჩნიკი, კორეტრა, დაფნია) მცენარეული და ხარისხიანი, მაღალი კვებითი ღირებულების მქონე მშრალი საკვებით, ბარბუს არულიუსი აგრეთვე საუკეთესოდ ასრულებს სანიტარულ ფუნქციას და გვევლინება საკვების ნარჩენების მშთანთქავ თევზად.

  გამრავლება

სქესობრივი სიმწიფის ასაკს ბარბუს არულიუსები აღწევენ 1-1.5 წლის ასაკში, მათი გამრავლებისათვის საჭიროა, სპეციალურად თევზის შობადობისათვის განკუთვნილი 70-80 სმ სიგრძის მქონე აკვარიუმი, რომელშიაც უნდა ესხას ფსკერიდან 20-30 სმ სიმაღლეზე წყალი. რეკომენდირებულია წყლის ზედაპირს ფარავდეს წყალმცენარე "ვესიკულარია" (Vesicularia  dybuana)


შობადობამდე 3-4 ცალ მდედრსა და 1 მამრს 7-10 დღის განმავლობაში ამყოფებენ ცალკე შესაჯვარებლად, ამასთანავე კვებავენ მცენარეული და ცოცხალი საკვებით. შობადობის სტიმულაციისათვის ამატებენ სუფთა წყალს შემდეგი პარამეტრების მქონეს: სიხისტე 4-8, მჟავიანობა Ph 6.5-7 ტემპერატურა კი 25-28 C გრადუსი, აკვარიუმში აგრეთვე რეკომენდირებულია იდოს გლუვი ზედაპირის მქონე ბრტყელი ქვა, რომელზედაც მდედრი დაყრის დაახლოვებით 500 ცალ ქვირითს, რის შემდეგაც აუცილებელია მდედრი გადავსვათ ცალკე სათავსოში. ქვირითის ინკუბაციის ვადა გრძელდება 36-48 საათი 4-6 დღის შემდეგ კი ლიფსიტებს შეეძლებათ ცურვა და კვება, გამოჩეკიდან რამოდენიმე დღეს ლიფსიტებს კვებავენ ინფუზორიით, მოგვიანებით კი მათ შეგვიძლია მივცეთ დაპრესილი დაფნიის ფირფიტები და არტემიის ცოცხალი ჭუპრები, ლიფსიტებმა შესაძლოა ადვილად მიიღონ სტრესი, თუ შობადობისათვის განკუთვნილი სათავსო პატარა მოცულობისაა, ვინაიდან ისინი ძალიან მშიშარა და მკვეთრ მოქმედებებზე რეაგირების მქონეები არიან.


Комментариев нет:

Отправить комментарий